პრაიდის კვირეული

ბრეგაძე: ერთადერთი, რაც ვერ ამოვხსენი – სად წავიდა ლევან ვასაძე?!

ტაბულა

"ვერ ამოვხსენი, სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე?!" - წერს პუტინისტური და ჰომოფობიური დაჯგუფების, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ორკების ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვასაძეზე.

"[...] ამ თავისივე დადგმულ პროვოკაციაში სურთ. ყველა გარიონ, ძალიან უნდათ “ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ეკლესია, საპატრიარქო, კონსერვატიული ძალები, უნდათ, ამოშანთონ და გააშავონ!

ერთადერთი, რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი - ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება - სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე?!" - წერს ბრეგაძე. 

გუშინ, 16 ივლისს სანდრო ბრეგაძე სხვა პუტინისტურ ჯგუფებს გაემიჯნა. ბრეგაძემ დაწერა, რომ ისინი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან. 

პრაიდის კვირეულამდე რამდენიმე დღით ადრე ორკების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე სამკურნალოდ რუსეთში წავიდა.  

"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და, შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც". – ვასაძემ თქვა, რომ მოსკოვში კონსულტაციებისთვის წავიდა. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები