ხაჭაპურის ინდექსი

ივნისის ხაჭაპურის ინდექსი – რა ჯდება ხაჭაპურის გამოცხობა მკვეთრი ინფლაციის ფონზე

flickr.com

2021 წლის ივნისის ბოლოსთვის ერთი საშუალო იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 4.28 ლარი დაგიჯდებათ.

ISET-PI-ის მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსი ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მიხედვით, ხაჭაპურის გამოცხობა წინა თვესთან (მაისი) შედარებით 1.1%-ით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგრედიენტების ფასი 8.8%-ითაა გაზრდილი.

წლიური 8.8%-იანი გაძვირება კარგად ასახავს საქართველოში არსებულ ინფლაციურ რეალობას: 2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მოგვიანებით, 2021 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 9.9%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიაფდა ხაჭაპურის გამოცხობა აპრილის თვესთან შედარებით, აისეტის მიხედვით, ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ყველის ფასის სეზონურობაა, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვნად იკლებს.

2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მხოლოდ ყველის ფასია შემცირებული – 2.5%-ით. მეორე მხრივ, კვერცხის საშუალო ფასი 2.9%-ითაა გაზრდილი, რძის – 1.8%-ით, კარაქის – 1.4%-ით, ხოლო ფქვილისა – 0.7%-ით. 

კომენტარები