კორონავირუსის შეზღუდვები

EU-ს ელჩებმა უკრაინისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია გასცეს, საქართველო სიაში არ არის

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის საზღვრის გახსნის რეკომენდაცია გასცეს.

"ევროკავშირის ელჩებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ უკრაინა რეკომენდებული მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანონ, რომლებსაც მოგზაურობაზე შეზღუდვებს მოუხსნიან. სია ოფიციალურად ხვალ განახლდება. მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ამ სიაში არიან". – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 9 ქვეყანა Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა. კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიას ასევე დაემატა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი. სიაში არ არის საქართველო.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, ვიზიტორებს Covid-19-ზე უარყოფითი ტესტი მოსთხოვონ ან კარანტინი დაუწესონ.

 ბოლო 24 საათში საქართველოში 35 559 ტესტი  ჩატარდა და დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა.

კომენტარები