ოპერატორის გარდაცვალება

კობახიძე ლაშქარავაზე: დღეს განსაკუთრებით გააფთრებულია მუტანტი ურჩხული სახელმწიფო-ეკლესია

ლექსო ლაშქარავას მკვლელობამ ნათელი გახადა, რომ ადამიანი სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, როგორც ნივთი ეკუთვნის ამ ორ დრაკონულ ინსტიტუციას - სახელმწიფოს და ეკლესიას. ლექსო ჯერ სადისტურად ცემით მოკლეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულმა და ეკლესიის მიერ დაგეშილმა "მართლმადიდებელმა პატრიოტებმა", მაგრამ სიკვდილის შემდეგაც არ გაუშვეს თავისი ბრჭყალებიდან.

სახელმწიფომ ჯერ მისი ცხედარი მოსტაცა ოჯახს, კიბეებზე ათრია და ფართო პროპაგანდა გაშალა ლექსოს კრიმინალობისა და ნარკომანობის შესახებ. არა, ჩვენ არ მოგვიკლავს, ეგ კაიფში გაიპარაო. მისი მკვლელი ეკლესია აცხადებს - ლექსოს სული ჩვენ გვეკუთვნის, ის ჩვენი პატრიარქის თაყვანისმცემელი იყო, კარგად ვიცით, რომ თვითონ ლექსო მისი მკვლელობის საპროტესტო მიტინგზე არ მივიდოდაო. მისი სული ჩვენს ხელშია, გვინდა ჯოჯოხეთში გავუშვებთ და გვინდა სამოთხეში, ღმერთი არა იხვი, როდის იყო მაგას მამაოები რამეს ეკითხებოდნენო. ამიტომ ეკლესიამ თავისი კაცი მიუგზავნა მოკლულის ოჯახს, მამა იოანე მჭედლიშვილი - ან ეს აუგებს წესს ჩვენს მიერ მოკლულს, ან ჯოჯოხეთში წავაო. მოსაყდრე შიომ ოჯახის სურვილის მიუხედავად, იმ მღვდელს აუკრძალა მოკლულისთვის პანაშვიდის გადახდა, რომელმაც ლექსო ჯერ კიდევ სიცოცხლეში საავადმყოფოში მოინახულა და თანაგრძნობა გამოხატა. საპატრიარქოს შპიონმა მამა იოანე მჭედლიშვილმა კი ლექსოს წესის აგებაც პროპაგანდისთვის გამოიყენა და მოკლულის ბინიდან განაცხადა: 5 მღვდელი თუ ცუდია, დანარჩენმა 1995-მა კარგმა მამაომ რა დავაშავეთო? დღეს განსაკუთრებით გააფთრებულია მუტანტი ურჩხული სახელმწიფო-ეკლესია.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საკუთარ Facebook-გვერდზე.

კომენტარები