Nord Stream 2

მერკელი: NORD STREAM 2-ი უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას არ ჩაანაცვლებს

ანგელა მერკელი
DW

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თანახმად, ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დასრულების შემდეგაც ევროპაში გაზი უკრაინის გავლითაც შედიოდეს.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნათელი იყოს, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ ჩაანაცვლებს უკრაინის გავლით გაზის შეთანხმებულ მიწოდებას". – თქვა მერკელმა ბერლინში, ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

15 ივნისს, მერკელისა და ბაიდენის პირველი შეხვედრის დროს ჩრდილოეთის ნაკადი 2 ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

მართალია, აშშ-მ მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სანქციები შეაჩერა, ვაშინგტონი მერკელისგან ითხოვს გარანტიას, რომ გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით არ შეწყდება. აშშ ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენს კრემლის იარაღად მიიჩნევს, რომელიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებსა და უკრაინის ეკონომიკას უქმნის საფრთხეს.

ანგელა მერკელი პროექტს მხარს უჭერს. კანცლერი ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტრანზიტთან დაკავშირებული შეთანხმება 2024 წლის ბოლომდე დაცული უნდა იყოს და ევროკავშირს აქვს ძალა, შეთანხმების შესრულების გარანტია შექმნას.

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინის ნდობის მიზეზი არ არსებობს.

"მივიჩნევთ, რომ ეს [ჩრდილოეთის ნაკადი 2] არის ეკონომიკურ პროექტად შენიღბული დიდი საფრთხე. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაშვება რეგიონისთვის პოტენციურ საფრთხეს ქმნის". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები