ვაქცინაცია საქართველოში

Astrazeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში ჩამოვიდა

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში ჩამოვიდა. ქვეყანამ დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები  ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი  8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა.

საქართველოში ასტრაზენეკათი  ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. 

დაახლოებით 2 კვირის მანძილზე, AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებული იყო. რამდენიმე ათასმა მოქალაქემ, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე, დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მაშინ თქვა, რომ ვინც ASTRAZENECA-ის პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ - ამის მიზეზი ვაქცინის შეფერხებული მოწოდება იყო. გარდა ამისა, ხარვეზის ერთ-ერთ მიზეზად ამირან გამყრელიძემ ლოჯისტიკური პრობლემებიც დაასახელა. 

კომენტარები