ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ჩვენი მონაცემებით, მეტი ვაქცინა უნდა ყოფილიყო, შეიძლება აღრიცხვის პრობლემაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ASTRAZENECA-თი აცრის შეფერხების მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემაც იყო. 

"ლოჯისტიკურ საკითხთან პრობლემას ვიკვლევთ, მაგრამ ჩანს, რომ ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ მეტი იყო ქსელში დოზები, სინამდვილეში ეს [..] არ დაკარგულა ვაქცინები, მიმდინარეობდეს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა, რა თქმა უნდა, თუ პასუხისმგებლობა დადგა, ამას არავინ გაექცევა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამასთან ერთად, გამყრელიძეს თქმით, ASTRAZENECA-ის ვაქცინას 3%-იანი დანაკარგი უკვე აქვს.

"ყველაზე მეტი დანაკარგი ასტრაზენეკაზე გვაქვს ფლაკონის გამო, 3%-იანი დანაკარგი ამ ვაქცინაზე ჩვენ გვაქვს, როცა მეტია ჩაწერილი და არ მოდიან, რაც შეეხება მიწოდებას, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში იქნება მოწოდება". – ამბობს ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვინც ASTRAZENECA-ის პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ - ამის მიზეზია ვაქცინის შეფერხებული მოწოდება.


ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, NCDC-ში კითხვებს არ პასუხობენ.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გეტყვით, რომ ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს. შუალედი ხომ იცით? 8-დან 12 კვირამდე არის. მე სხვა კითხვებზე ვერ გაგცემთ პასუხს, მე გითხარით, რომ ყველა მიიღებს აბსოლუტურად". – ამბობენ NCDC-ში.  

NCDC ვერც იმას ხსნის, თუ რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები