ოლიმპიადა

იაპონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ოლიმპიადის ბოლომდე გაგრძელდება

Reuters

იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიჰდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 12 ივლისს დაიწყება და ოლიმპიური თამაშების ბოლომდე, 22 აგვისტომდე გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაა.

ტოკიოში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში იზრდება, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოლიმპიადის ჩატარებას ეწინააღმდეგება და მისი გადადება ან გაუქმება სურთ. იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაზეთის ასაჰი შინბუნის გამოკითხვის თანახმად,მოსახლეობის 80% ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ემხრობა.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ყველა ოლიმპიურ ღონისძიებაზე მაყურებლების არ დაშვების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს უნდა დაიწყოს და 8 აგვისტოს დასრულდეს, პარალიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან-5 სექტემბრამდე ჩატარდება.

იაპონიაში ინფიცირების ახალი ტალღა აპრილში გავრცელდა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანაში გავრცელების მაჩვენებელი არც ისე მაღალია. 126 მილიონ ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსით 14 900 ადამიანი გარდაიცვალა.

7 ივლისს იაპონიაში კორონავირუსის 2 180 ახალი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 920 ტოკიოში, რაც 13 მაისის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელია. ჯერჯერობით აცრილი მოსახლეობის 15%-ია. 

მთავრობას იმედი აქვს, ტოკიოსა და ოსაკაში, ორ ქალაქში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, 65 წელს ზევით მოსახლეობა ივლისის ბოლომდე სრულიად იქნება აცრილი.

კომენტარები