პრაიდის კვირეული

NEW ONE-მა ბენდიდან გიტარისტი დაითხოვა: შეუძლებელია, იყო მუსიკოსი და იყო კომბლე

Befunky

ქართულმა პოპ ბენდმა New One გიტარისტი, ლევან შარაშიძე დაითხოვა, რომელიც 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე იმყოფებოდა.

"თავს ვთვლით ვალდებულად, გამოვეხმაუროთ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ იყო რიგითი ძალადობა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო დროის განმავლობაში – ეს იყო გაფორმება ძალადობრივი ჯგუფების თარეშის, რაც ძალიან საშიში მოვლენაა ქვეყნისათვის და საწინდარია სამოქალაქო დაპირისპირების.

ეს ყოველივე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს.

სამწუხაროდ, ამავე მოვლენას დაემთხვა ჩვენი გიტარისტის, ლევან შარაშიძის ბენდიდან გაშვება, რომელთან წლები გვაკავშირებს. ეს უბრალოდ ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის, რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა – მისივე თქმით მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არც ერთი ჩვენგანი არ განვიცდით, ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება “ფულის გამო” უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს, მუსიკას. ჯგუფის არც ერთ წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა არა მარტო ჩვენსა და მის ურთიერთობებს, სავარაუდოდ, მის მუსიკალურ კარიერასაც გარკველწილად. შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით “გაიძუყნებით, ვირთხებო” და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ". – წერია ბენდის განცხადებაში.

New One-ს განცხადებას სოციალურ ქსელში გიტარისტი პოსტით გამოეხმაურა:

"ვერ გაუძლეს ვაი “პროგრესული”  საზოგადოებრივი აზრის წნეხს, რადგან კომპლექსები რას არ ჩაგადენინებს კაცს!

1. მათი აზრით, მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ.

2. მათი აზრით, მე ვარ მოძალადე და აგრესიული, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ, ვეწინააღმდეგები “ძალით” ისეთი იდეოლოგიის თავზე მოხვევას, რაც ამ ქვეყნის უმრავლესობას არ გვინდა.

3. მათი აზრით, ჩემისთანა კარგ მუსიკოსს არ შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს და ა.შ. ნაცნობი კლიშეები"! – წერს მუსიკოსი.

 New One ქართული პოპ ბენდია, რომლის ლიდერი მომღერალი თიკა ბალანჩინია. ჯგუფმა პოპულარობა სერგი გვარჯალაძის კომპოზიციის, Artificial Love-ს ქავერით მოიპოვა.

კომენტარები