დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხური მედია: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სამხედროები დაიჭრნენ

სომეხი სამხედრო მთიან ყარაბაღში, 2020 წელი

სომხური მედიის ცნობით, გეღარქუნიქის პროვინციაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, აზერბაიჯანულმა მხარემ პროვოკაცია მოაწყო, რასაც ორ მხარეს შორის ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 

სომხეთის მედიის ცნობით, მათ მხარეს დაჭრილია ერთი სამხედრო, აზერბაიჯანის მხარეს კი – ორი. მათი ეს ცნობა გენერალური შტაბის ადმინისტრაციის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელის, სამველ ასატრიანის განცხადებას ეყრდნობა. 

ფაქტი უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. აზერბაიჯანის მხარის თქმით, მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაჭრილები არ არიან. თუკი სომხეთის არმიის რიგებში არის დანაკარგი, ან დაჭრილი, მაშინ ეს მხოლოდ შიდა ინციდენტის შედეგად მოხდებოდა". – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გასულ კვირაში, 3 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანს 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ დანაღმული ტერიტორიის რუკა გადასცა. პროცესში სომხეთს შუამავლობა რუსეთმა გაუწია. 


2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულია.

12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ივნისში სომხეთმა, საქართველოს შუამავლობით, აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები 15 დატყვევებულ სომეხ სამხედროში გაუცვალა. სამხედროები სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ. 

სომხეთის უკმაყოფილება მოჰყვა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულ შუშის დეკლარაციას.

კომენტარები