პრაიდის კვირეული

კუჭავა: რაც გუშინ ვიხილეთ, სამარცხვინოა, ყველა უნდა დაისაჯოს, სხვანაირად ვერ განვვითარდებით

"რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო - ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გუშინ, 5 ივლისს, პუტინისტების მიერ გამართულ აქციასა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე. 

"ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით მაგრამ - არანაირი მაგრამ.

ისტორიულად ჩვენს  ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მითუმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია". – ამბობს კუჭავა.

კუჭავას შეფასებით, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ესხმიან თავს.

"არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო - ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით". – ამბობს კუჭავა.

პარლამენტის თავმჯდომარე პუტინისტების მიერ ევროკავშირის დროშის დაშვებასაც ეხმაურება. 

"მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია  და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე". – ამბობს კუჭავა. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციამ მოძალადე დააკავა. მას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს, 6 ივლისს წარუდგენენ.

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები