ისრაელი

ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა ღაზიდან აალებადი ბუშტების გაშვების შემდეგ [VIDEO]

ღაზას სექტორი

ისრაელის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ ავიაიერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, რომელიც ჰამასს ეკუთვნის. ამის მიზეზია ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული  აალებადი ბუშტები.

" მოცემული იერიში ღაზიდან ისრაელის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განვახორციელეთ". – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზიდან ტერაქტების საპასუხოდ მოქმედებას.

2 ივლისს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, 2-კვირიანი პაუზის შემდეგ რადიკალურმა დაჯგუფებებმა აალებადი ბუშტები კვლავ გაუშვეს

ბუშტებმა ისრაელში 4 ხანძარი გააჩინა, მაგრამ ცეცხლი მალევე ჩააქრეს. 

აქამდე, ისრაელის მიმართულებით აალებადი აირით გაბერილი ბუშტები ბოლოს ივნისის შუა რიცხვებში გაუშვეს, რასაც ისრაელის საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

 

კომენტარები