პრაიდის კვირეული

მედიაკოალიცია შსს-ს: უზრუნველყავით ღირსების მარშის მონაწილეთა და ჟურნალისტთა უსაფრთხოება

Tbilisi Pride

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსების მარშის გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების და მონაწილე პირთა უსაფრთხოება. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

"2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ღირსების მარში იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს პრაიდის კვირეული. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას ღირსების მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს". – ნათქვამია განცხადებაში. 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის ორგანიზებით პრაიდის კვირეული იმართება. რომლის ფარგლებშიც კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები გაიმართება. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. ძალადობრივი ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, კვირეულის პირველი ღონისძიება 1 ივნისს მაინც გაიმართა. პოლიციამ პუტინისტური ჯგუფების 23 წევრი დააკავა, მათგან 20 ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლდა, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები