ცესკო

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსის ჩატარების განკარგულება გამოსცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან. 

პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: 

  • გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია – სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

30 ივნისს, თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. მან დაწერა, რომ ის არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ისეთი კანდიდატები უნდა შეირჩნენ, რომლებიც ნდობას გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

კომენტარები