პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი თავიდან ბოლომდე დალაგებული აქვს. ღარიბაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასკვნითი სიტყვისას თქვა.
"გამოწვევები, ბუნებრივია ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა იყო დასმული. იმის მიუხედავად, რომ მე ვისაუბრე და 2-3 დღეში უკვე შემოვა პირველი მილიონი ვაქცინა, შემდეგ ვაჩვენეთ შემდეგი ეტაპები - Pfizer-ის კიდევ ერთი მილიონი, შემდეგ კიდევ ერთი მილიონი სხვა, ჩინური ვაქცინების, უწყვეტად მაინც აგრძელებენ დემაგოგიას და სიცრუეს, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს თავიდან ბოლომდე დალაგებული ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში 20 000-30 000 აცრა უნდა ჩაატარონ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ძლიერ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ, მისი დანიშვნის შემდეგ მწარმოებლებთან კომუნიკაციის შედეგად კი არსებულ შედეგს მიაღწიეს.
"COVAX-ის პლატფორმიდან, რომელზეც იყო მთავრობა დამოკიდებული მანამდე, სანამ მე დავინიშნებოდი, იყო გარკვეული შეფერხება და თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებსაც, ძლიერ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეფერხება ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ, როცა მე დავინიშნე და მინისტრთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულნი. პირადად ვესაუბრებოდით როგორც Pfizer-ის ხელმძღვანელს, ასევე, ჩინეთის ხელისუფლებასთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები და მიმოწერები. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც უკვე მოგახსენეთ". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 28 ივნისის მონაცემებით ჯამურად ქვეყანაში ჩატარდა 254 737 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 94 740 ადამიანი.
- ტიკარაძე: ნახევარი მილიონი დოზა Sinopharm და ნახევარი მილიონი დოზა Sinovac კვირის ბოლოს შემოვა
- ტიკარაძე: Pfizer-ის ჩამოსვლის თარიღი დადასტურებულად ვიცით, კონტრაქტის გამო ვერ ვასახელებთ
ამასთან, მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერ ვერ დაასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს დამატებითი დოზების შემოსვლის ზუსტ თარიღს.





