კორონავირუსი საქართველოში

როდის და სად აიცრებით AstraZeneca-თი – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, სად და როდის შეეძლებათ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება. 

"სამწუხაროდ, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს წარმოების ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია აღნიშნული ვაქცინით პირველ დოზაზე აცრა და რევაქცინაცია პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდის მოქალაქეებზე. სამწუხაროდ, AstraZeneca-ზე ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და ვცრით და ავცრით, სანამ შემოვა მესამე პარტია, ყველა ადამიანს, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირა.ამის შესახებ გუშინ ადამიანებმა, ვინც ვერ აიცრება, მიიღეს ჩვენი ბოდიშით შეტყობინება, როგორც გვიან ღამე, ასევე დილას. ასევე, იმ ადამიანებმა, ვისაც ვცრით, მიიღეს სმს შეტყობინება, რომ მათი აცრა ძალაშია". - თქვა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 24 ივნისს ჯავშნის ფანჯარა გაიხსნა და მათ, ვინც AstraZeneca-ს მეორე დოზაზე არ იყვნენ დარეგისტრირებული და პირველი აცრიდან 10-12 კვირა გავიდა, რეგისტრაცია შეუძლიათ. 

"AstraZeneca-ს ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილი, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ ჯავშნები. მათთვის რეგისტრაცია გახსნილი იქნება შერჩეულ კლინიკებში. ამასთან, მოქალაქეებს, რომლებსაც 24 ივნისიდან უსრულდებათ 1-ელი აცრიდან 10-12 კვირა და უკვე დარეგისტრირებული არიან რევაქცინაციაზე, აცრა ჩაუტარდებათ მათ მიერ შერჩეულ თარიღსა და ლოკაციაზე". - ამბობს გამყრელიძე.

მისივე ცნობით, თბილისში AstraZeneca-ზე აცრები ჩატარდება 3 შერჩეულ დაწესებულებაში - ცენტრალურ რესპუბლიკური საავადმყოფოში, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და იაშვილის საავადმყოფოში. მაგრამ, გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები 30 ივნისამდე არიან სხვა დაწესებულებაში დარეგისტრირებული, იქ აიცრებიან. 

"ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრები, ახლო მომავალში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა. დამატებით რამდენიმე დღეში შეგატყობინებთ, როცა დაზუსტდება. მე მაქვს ინფორმაცია, მესამე პარტია როდის უნდა შემოვიდეს, მაგრამ ვერ გავამჟღავნებ, შეიძლება, ისევ  რამე გაუგებრობაში შევიდეთ, მაგრამ, გიდასტურებთ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი, აუცილებლად ჩაუტარდება ვაქცინაცია". - ამბობს გამყრელიძე.  

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - თქვეს NCDC-ში, თუმცა ვერ ახსნეს, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იყო. 

კომენტარები