შვედეთი

შვედეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სტეფან ლოვენი

პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების გამო, შვედეთის პრემიერმინისტრი, სტეფან ლოვენი თანამდებობიდან გადადგა

"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პრემიერმინისტრის თანამდებობას ვტოვებ". – თქვა ლოვენმა. 

პარლამენტმა ლოვენს უნდობლობა 21 ივნისს გამოუცხადა, გადაწყვეტილებას მხარი 349 პარლამენტარიდან 181-მა დაუჭირა, 51-მა კი თავი შეიკავა. 

შვედეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტმა პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა.

ლოვენს ორი კვირა მიეცა თანამდებობიდან გადადგომისთვის ან ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. 

"არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ქვეყანაში პანდემიაა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შვედეთისთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი". – თქვა ლოვენმა. 


პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბინის ქირის კონტროლთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო მემარცხენე პარტიამ სამთავრობო კოალიცია დატოვა. შედეგად უმცირესობის სამთავრობო კოალიცია დაიშალა.

შვედეთის მემარცხენე პარტია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით ივნისში. რაც დაკავშირებულია შვედი დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივასთან, გაუქმდეს ბინის ქირის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი. ინიციატივას არც პრემიერმინისტრის პარტია იზიარებდა, თუმცა მზად იყო საკითხის განხილვისთვის. ცვლილებას ორი მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს.

შვედეთის ახალი მთავრობა ქვეყნის სათავეში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება, რომელიც მომავალი წლის სექტემბერშია ჩანიშნული.

ბინის ქირის მაქსიმალური ოდენობის ზღვრის გაუქმება შვედეთში დიდი ხანია, დავის საგანია. ქვეყანაში ბინების ნაკლებობის პრობლემა არსებობს, რაც ბინის ქირის მაღალ ოდენობას იწვევს. თუმცა ამ საკითხის გამო მთავრობის დაშლას არავინ ელოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად მემარცხენე-ცენტრისტი ლოვენი ბინის ქირის ოდენობის კონტროლს ემხრობა. მისი კოალიცია ინიციატივის განხილვას მხოლოდ მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიების კეთილგანწყობის მოპოვებისთვის გეგმავდა, რათა უმცირესობის მთავრობის მხარდაჭერა გაეძლიერებინა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოკავშირე მემარცხენე პარტიის მხარდაჭერა დაკარგა.

კომენტარები