საფრანგეთი

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში მაკრონის და ლე პენის პარტიები მარცხდებიან

27 ივნისს საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, გამარჯვება ტრადიციულმა პარტიებმა რესპუბლიკელებმა და სოციალისტურმა პარტიამ გაინაწილეს. რესპუბლიკელებმა 7 რეგიონი შეინარჩუნეს, ხოლო სოციალისტურმა პარტიამ – 5.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ რესპუბლიკა წინ ვერც ერთ რეგიონში ვერ მოიპოვა გამარჯვება. ასეთივე შედეგით დაასრულა საარჩევნო რბოლა პოპულისტი, მემარჯვენე პოლიტიკოსის, მარი ლე პენის პარტია ეროვნულმა ფრონტმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რეგიონული არჩევნები პოლიტიკოსებისთვის ერთგვარი წინასაარჩევნო პლატფორმა გახდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი მეტოქეები ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი იქნებიან. 

პრეზიდენტ მაკრონის პარტია არჩევნების პირველ ტურშიც მარცხდებოდა.  პარტიამ რესპუბლიკა წინ პირველ ტურში ვერც ერთ რეგიონში ვერ მოიპოვა პირველობა.

პირველი ტურის შემდეგ ლე პენის პარტიას იმედი ჰქონდა, რომ ერთ, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში გაიმარჯვებდნენ. თუმცა ამ რეგიონში გამარჯვება რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.

დამარცხებაზე საუბრისას ლე პენმა მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების "არაბუნებრივი ალიანსი" დაადანაშაულა. პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში სოციალისტურმა პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და მხარი რესპუბლიკელებს დაუჭირა.

რეგიონული არჩევნები საფრანგეთის 14 რეგიონში ტარდება, 12 კონტინენტურ და ორ ზღვისიქითა რეგიონში, გვადელუპესა და რეიუნიონში რეგიონულ საბჭოს წევრებს ირჩევენ. კოსტა რიკაში, მარტინიკსა და საფრანგეთის გვიანაში – ტერიტორიული ასამბლეის წევრებს. არჩევნები ასევე ტარდება 96 დეპარტამენტის დონეზე, რომლებშიც დეპარტამენტის ადმინისტრაციის წევრებს ირჩევენ.

რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციის იურისდიქციაში შედის უმაღლესი სკოლების, პორტების, აეროპორტების, რეგიონული რკინიგზის და საქალაქო საავტობუსო სისტემების, რეგიონული პარკებისა და ნარჩენების მენეჯმენტი. ხოლო დეპარტამენტების ადმინისტრაციის იურისდიქციაშია დაწყებითი სკოლების, სოციალური დახმარების პაკეტების, წყალმომარაგების, სახანძრო-სამაშველო სისტემისა და გზების მენეჯმენტი.

კომენტარები