ვაქცინაცია

ტიკარაძე: ნახევარი მილიონი დოზა Sinopharm და ნახევარი მილიონი დოზა Sinovac კვირის ბოლოს შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველო ჩინური წარმოების მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, საიდანაც ნახევარი მილიონი Sinopharm-ის ვაქცინა იქნება, ხოლო ნახევარი მილიონი დოზა Sinovac-. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების მიღების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისიდან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა, ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი, Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლის თარიღს კონტრაქტის მიხედვით არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია ვაქცინის შემოსვლის თარიღი.

"რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვაქცინას, რომლის თარიღსაც მე კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი, თუ როდის იქნება ფაიზერი საქართველოში და შესაბამისად, ფაიზერიც ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში, იცით, რომ მილიონ დოზაზე მეტი ფაიზერის ვაქცინა შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება". – ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდებაPfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები