სასამართლო სისტემა

"ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, ესაა პირდაპირ ლანძღვა" – იუსტიციის სკოლაში მოსამართლეები ხვდებიან

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ, რადგან, სასამართლო ძალიან არის შეწუხებული უსაფუძვლო თავდასხმებისგან. 

"სასამართლო კორპუსი ძალიან არის შეწუხებული იმ უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმებისგან, რომელიც ხორციელდება ზოგადად სასამართლო სისტემების მიმართ. ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, ეს არის პირდაპირ ლანძღვა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასამართლო არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში. სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, მოქმედებს კანონის თანახმად. ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ როდესაც წარადგინა მოსამართლეები, დაარღვია კანონი". – თქვა მურუსიძემ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები