ღირსების მარში

კორძაია ღარიბაშვილს: მზად თუ ხართ ღირსების მარშზე მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ?

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, არის თუ არა მზად 5 ივლისს თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებულ ღირსების მარშზე მივიდეს და მათ მხარი დაუჭიროს.

"5 ივლისის აქცია ახსენეს აქ. პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერმინისტრი, იმას, რომ თქვენი მისვლა თბილისი პრაიდის ღირსების მარშზე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ჭეშმარიტად? თუ ხართ მზად, მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ?". – ჰკითხა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილს.

Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ Tbilisi Pride-ს ღონისძიების გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმი წარუდგინა, რომელიც დრეს, 25 ივნისს, იწურება. ამავდროულად პუტინისტური ჯგუფები 5 ივლისს შეკრებას და ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებენ.

18 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კონტექსტის" გათვალისწინებით, ორგანიზაციას ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვას. ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ კი 18 ივნისს თქვა, რომ LGBTQ საზოგადოება ხმამაღლა გამოხატვაზე "საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი განცხადებები დაგმეს და აღნიშნეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს.

კომენტარები