ღირსების მარში

კობახიძე 5 ივლისზე: 53 ჟურნალისტი დაშავდაო რომ ამბობენ, მძიმედ დაშავდა მხოლოდ 6

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 5 ივლისს, ორკების მიერ ნაცემ ჟურნალისტებზე ამბობს, რომ ზოგი მძიმედ დაშავდა, ზოგი ზედაპირულად, ზოგს კი "მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა".

ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ღამის კურიერში თქვა. 

"ძალადობის ფაქტები იყო, 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, 2 პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, 15 ჟურნალისტს დამატებით ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები და ა.შ. და სხვებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა". – ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის კითხვას, ამგვარი კლასიფიკაციით იმის თქმა ხომ არ სურს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაზე 53 ჟურნალისტი არ დაზარალებულა, კობახიძე ასე პასუხობს:

"ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია. მთავარი არის, რომ ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ეს არის ძალიან მძიმე. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. ამას სჭირდება, ბუნებრივია, ჩაღრმავება და სათანადო ყურადღება, მაგრამ, ერთ რამეშია აქ საქმე - როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტი არის მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი". – ამბობს კობახიძე. 


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. 11 ივლსს ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვეს.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები