ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ინტერესების დასაცავად რუსეთთან დიალოგი გვჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან დიალოგი ინტერესების დაცვისთვის სჭირდება. 

"გვჭირდება დიალოგი ჩვენი ინტერესების დასაცავად... ეს არის ევროპის კონტინენტის სტაბილურობისთვის საჭირო დიალოგი". – თქვა მაკრონმა ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში. 

"რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ რეაქციულ ლოგიკას ვერ შევინარჩუნებთ. ვიმედოვნებ, ნამდვილი ევროპული ერთიანობითა და კოოპერაციულობით შევძლებთ ამ დიალოგს". – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

დღეს რუსეთსა და პუტინთან პირდაპირი კონტაქტის შესახებ ისაუბრა ანგელა მერკელმაც. 

"ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც ევროკავშირს რუსეთთან და რუსეთის პრეზიდენტთან, პირდაპირი კონტაქტი უნდა გვქონდეს". – თქვა ანგელა მერკელმა. 

ასევე, საფრანგეთმა და გერმანიამ ევროკავშირის სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევის წინადადება წამოაყენეს. თუ შეხვედრა შედგება, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინი პირველად დაესწრება ევროკავშირის სამიტს.

უცნობია, ინიციატივის ფარგლებში სამიტში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერის მონაწილეობაა დაგეგმილი თუ შეხვედრას მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლეიენი და შარლ მიშელი დაესწრებიან. ამ ფორმატის სამიტები 2014 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

"გერმანიამ და საფრანგეთმა გარკვეული მოსაზრებები წამოაყენეს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. მერკელმა აღნიშნა, რომ უმაღლეს დონეზე მხოლოდ აშშ არ უნდა ელაპარაკებოდეს რუსეთს და ჩინეთს. რუსეთი მეზობელია. ასეთი ფორმატი არსებობდა 2007 წელს ფინეთში." –უთხრა სამიტის მომზადებაში ჩართულმა პირმა Reuters-ს.

"ასეთი დიალოგი მართლაც საჭიროა ორივესთვის, მოსკოვისთვისა და ბრიუსელისთვის". – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

საფრანგეთისა და გერმანიის იდეა უარყოფითად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

"ევროკავშირი-რუსეთის სამიტების განახლება ისე, რომ რუსეთისგან პროგრესი არ ჩანს, სახიფათო გადახვევა იქნება სანქციების პოლიტიკიდან. ეს მხოლოდ დააზიანებს არაღიარების პოლიტიკას, ძირს გამოუთხრის სანქციების ეფექტიანობას და, რაც უფრო საგანგაშოა, რუსეთს ხელს შეუწყობს, რომ მან არ შეასრულოს მინსკის შეთანხმებები" – დაწერა კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე. 

 

კომენტარები