ევროკავშირი-რუსეთი

უკრაინა: EU-რუსეთის სამიტების განახლება სანქციების პოლიტიკიდან სახიფათო გადახვევა იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკრიტიკა ინიციატივა, ევროკავშირის სამიტს ვლადიმირ პუტინი დაესწროს. ევროკავშირი-რუსეთის სამიტები 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღარ იმართება.

"ევროკავშირი-რუსეთის სამიტების განახლება ისე, რომ რუსეთისგან პროგრესი არ ჩანს, სახიფათო გადახვევა იქნება სანქციების პოლიტიკიდან. ეს მხოლოდ დააზიანებს არაღიარების პოლიტიკას, ძირს გამოუთხრის სანქციების ეფექტიანობას და, რაც უფრო საგანგაშოა, რუსეთს ხელს შეუწყობს, რომ მან არ შეასრულოს მინსკის შეთანხმებები" – წერს კულება Twitter-ზე.

საფრანგეთმა და გერმანიამ ევროკავშირის სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევის წინადადება წამოაყენეს.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უარყოფით სპირალს.. მაგრამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ" –  ახდენს Reuters-ი ერთ-ერთ დიპლომატის  ციტირებას.

დიპლომატის თქმით, ბალტიის ქვეყნები რუსეთს სიფრთხილით ეკიდებიან და, შესაძლოა, სამიტს არ დათანხმდნენ. უცნობია, ინიციატივის ფარგლებში სამიტში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერის მონაწილეობაა დაგეგმილი თუ შეხვედრას მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლეიენი და შარლ მიშელი დაესწრებიან.

"გერმანიამ და საფრანგეთმა გარკვეული მოსაზრებები წამოაყენეს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. მერკელმა აღნიშნა, რომ უმაღლეს დონეზე მხოლოდ აშშ არ უნდა ელაპარაკებოდეს რუსეთს და ჩინეთს. რუსეთი მეზობელია. ასეთი ფორმატი არსებობდა 2007 წელს ფინეთში." –უთხრა სამიტის მომზადებაში ჩართულმა პირმა Reuters-ს.

კომენტარები