პარლამენტი

ოცნების დეპუტატი ომბუდსმენს ეკითხება, რა გააკეთა გახელაძის დასახსნელად

რიმა ბერაძე
პარლამენტი

"მე მაქვს კითხვა თქვენთან: როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“. – ოცნების დეპუტატი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ეკითხება, რა გააკეთა გახელაძის დასახსნელად.

"დღეს არის ზაზა გახელაძის დაბადების დღე და ეს დღე თითოეული ქართველისათვის არის ძალიან მძიმე. მთელი პარლამენტის სახელით მე მაინც ვულოცავ დაბადების დღეს იმ მძიმე გარემოში, სადაც ის იმყოფება და ვიმედოვნებთ, მალე დაუბრუნდება ოჯახს და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ ყველასგან, ვისაც ხელეწიფება მისი დახსნა, უზრუნველყოს ზაზა გახელაძის თავისუფლება". – ამბობს დეპუტატი რიმა ბერაძე.

პარლამენტში დღეს, 23 ივნისს სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყება და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა, სადაც ის ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში შუამდგომლობას სთხოვს. 

კომენტარები