ბირთვული შეთანხმება

ირანი: აშშ ტრამპის დროს დაწესებულ 1040 სანქციას მოგვხსნის

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაჰმუდ ვაეზი

ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ადმინისტრაციის მეთაურის, მაჰმუდ ვაეზის თქმით, ვენაში მიმდინარე ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ ირანს ტრამპის პერიოდში დაწესებულ სანქციებს მოხსნის. 

"შეთანხმების მიხედვით, ტრამპის დროს დაწესებული 1040 სანქცია მოგვეხსნება". – თქვა მაჰმუდ ვაეზიმ. 

ვაეზის თქმით, სანქციები მოეხსნება უმაღლესი მმართველის, ალი ხამენეისთან ახლო მყოფ რამდენიმე პირსაც. 

ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს მხარეს, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა. მისი თქმით, ის ხედავს კარგ შესაძლებლობას ირანის ბირთვული შეთანხმების აღსადგენად, მაგრამ აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ რთულია. 

"მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკების ყოველ რაუნდში ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ და ვფიქრობთ, რომ [ირანის] საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტის გათვალისწინებით, მათი დასრულება ახლო მომავალშია შესაძლებელი". – დაამატა ჰაიკო მაასმა. 

2021 წლის 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხისტი პოლიტიკით ცნობილმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ის მოვალეობის შესრულებას 3 აგვისტოდან დაიწყებს. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას ჯერ კიდევ ჰასან რუჰანი იკავებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება ფაქტობრივად უფუნქციო მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, აშშ-მ მისი დატოვება გადაწყვიტა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ს იმდროინდელი პოზიციით, ბირთვული შეთანხმება ვერ აჩერებდა ირანის მუშაობას ატომურ იარაღზე და ეს უკანასკნელი პირობებს არღვევდა. 

2021 წელს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, ქალაქ ვენაში ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყო

ისევე როგორც 2015 წელს, ახლაც, ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია ისრაელი. ისრაელი თვლის, რომ მსგავსი შეთანხმებები ირანს ხელებს გაუხსნის საკუთარ ბირთვულ პროექტზე საიდუმლოდ სამუშაოდ. 

"რაისის არჩევა, ვიტყოდი, რომ მსოფლიო ძალებისთვის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებამდე გამოფხიზლების ბოლო შანსია. უნდა მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე... არასდროს უნდა დავუშვათ, რომ დაუნდობელი ჯალათის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს. ამაზე ისრაელის პოზიცია არ შეიცვლება". – თქვა 20 ივნისს ისრაელის ახალმა პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა.

 

კომენტარები