TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა

ხაზარაძე ჯაფარიძე წერეთელი

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი  2 ივლისს ჩაინიშნა. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აღნიშნულს ოპოზიციონერების გააქტიურებას და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. 

"ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში წავიდა. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურად უფრო მეტად გააქტიურდა და ამას უკავშირდება. ეს არ არის სამართლებრივად მოტივირებული საქმე. შესაბამისად, როდესაც სხვა მოტივაციებია საქმეში, პროცესის ჩანიშვნასაც და არ ჩანიშვნასაც სწორედ ის მოტივაცია აქვს, რაც სამართალს არ უკავშირდება. თუ გავიხსენებთ წინა სიტუაციებს, პროცესები ძალიან ინტენსიურად და სწრაფად ინიშნებოდა. ასე რომ, ყველანაირი მოლოდინი გვაქვს". – აღნიშნავს ადვოკატი TV პირველთან საუბარში. 

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად უნდა დადგეს. 

"აგერ კარს მომდგარია ლამის არჩევნები. ბატონი ავთოს შვილი არის იმ ტელევიზიის დამფუძნებელი, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკულ პოზიციას იჭერს, შესაბამისად, ასეთი ფიქრის საფუძველი მათ აქვთ. მოლოდინი არის ის, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან კავშირი არაა და გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად უნდა დადგეს". – ამბობს ადვოკატი. 

TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები უკავშირდება კრიტიკულ სიუჟეტებს და გამომძიებელ-ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებს. 


ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ამასთან, პროკურატურის გაფრთხილების და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

2020 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2020 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

კომენტარები