TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე: ამ პროცესებით ზიანს ვერ მოგვაყენებენ, გავაგრძელებთ ბრძოლას, ავაშენებთ ანაკლიასაც

დღეს, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის დასკვნითი პროცესი გაიმართება. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კანონდარღვევები არ ყოფილა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მან მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ხაზარაძე ამბობს, რომ 3 გადარიცხვის კანონიერების დადგენას, 3 წელი არ სჭირდება და პროცესი ხელოვნურად გაწელილია

"ამ პროცესით მათ სურთ აჩვენონ, რომ ის რაც ბადრიმ და მამუკამ შექმნეს, თავიანთ თანაგუნდელებთან ერთად, ეს შეიქმნა იმიტომ, რომ ისინი დარღვევით აკეთებდნენ რაღაცას. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელია სუფთა ხელებით მიაღწიო რაღაცას. 

ეს სამწლიანი სხდომა სწორედ ამას ემსახურება, ყველას უთხრან რომ, იცით რა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა გააჩნია, ასეთი პროცესებით ვერანაირ ზიანს ვერ მოგვაყენებენ, ვერც ჩვენ რეპუტაციას, ვერც ჩვენ განვლილ ცხოვრებას. ახლაც ვიძახი, რომ ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, დღეს რომ იყოს იგივე მდგომარეობა, რაც იყო 2008 წელს. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ვერ შეგვაშინებთ, გამორიცხულია, გავაგრძელებთ ბრძოლას, ავაშენებთ ანაკლიასაც და სამართლიან სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ეს რაც სასამართლოში ხდება, სამართლიანი სახელმწიფო არ არის".- თქვა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.   


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს. 

2019 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა და თითოეულ მათგანს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები