ენერგეტიკა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თელასისგან მიიღეთ შეტყობინება პორტალში რეგისტრაციის შესახებ

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებს, თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია "თელმიკოსგან", ხოლო რეგიონების მაცხოვრებლები კომპანია "ეპი ჯორჯიასგან" მიიღებენ.

თბილისის მოსახლეობამ მიიღო სმს შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 30 ივნისს გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც თელასის აბონენტებს შეეძლებათ, შეიყვანონ მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით, პორტალი კი 12 საათის განმავლობაში იქნება გახსნილი. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკ] აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ახსნილია, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუკი 30 ივნისს მრიცხველის ჩვენების გაგზავნას ვერ ახერხებთ. 

გთავაზობთ სემეკ-ის განცხადებას:

"თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის
მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება
მრიცხველზე სს თელასს უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30
ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის,
ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ,
დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.

თუ  საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს
თელასისათვის ან ენერგო პრო ჯორჯიასათვის, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ
თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის
[თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება] გადაცემა  მათ [მომხმარებელი, მცირე საწარმო] ახალ
სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.

თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი
უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია
მიწოდება]  გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის
ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან
მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება]  გადაცემის უფლების მითითებით.

თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის
მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, თელასი და ენერგო პეო ჯორჯი
უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;

თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას - თელასი და ენერგო პრო ჯორჯია
უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე
ჩარიცხვას.

თელასთან  და ენერგო პრო ჯორჯიასთან  არსებული განწილვადების ხელშეკრულების
შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი
მიიღებს შემდგომ პერიოდში "თელმიკოს" ან "ეპ ჯორჯია მიწოდებისგან". გადანაწილებულ
თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის". – წერია სემეკ-ის განცხადებაში. 


ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ, "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

"პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღარ იქნება 2 კომპანიის ხელში, როგორც ეს იყო აქამდე, საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა, მიწოდება არ გახლავთ მონოპოლიური საქმიანობა, განსხვავებით ქსელური მომსახურებისგან, როგორიცაა ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რომ ეს ორი საქმიანობა არის ერთ კომპანიაში მოქცეული და აუცილებელი გახდა იმ ვალდებულებისგან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და ასევე, გავწევრიანდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს კომპანიები. 

ელექტროენერგიის ვაჭრობისა და მიწოდებისთის, იმის გარდა, რომ ეს კომპანიები არსებობენ, უნდა შეიქმნას ბაზარი, ბირჟა და უნდა გახდეს კონკურენტული, აქედან გამომდინარე, კონკურენციის წახალისების მიზნით, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბაზარი, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, რომ მოწყვლადი მომხმარებლები - ფიზიკური პირები და მცირე მეწარმეები იყვნენ დაცულები ბაზრის რყევებისგან. ამ მიზნით შეიქმნა ორი კომპანია, რომელსაც მიენიჭა უნივერსალური მიმწოდებლის სტატუსი და ისინი მიაწოდებენ ელექტროენერგიას ფიქსირებული ფასით, მათ ექნებათ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების ტარიფი არ გაეზრდებათ", - თქვა სემეკის კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის თქმით, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე ახალი კომპანიების გაჩენაა, რამეთუ ბაზარი იქნება ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, პირველი იანვრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის ბირჟა, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმები და იქნება შესაძლებლობები, რომ ელექტროენერგიის ვაჭრობაში ჩაერთონ როგორც ბიზნეს აქტივობაში. ფიზიკურ პირებს კი ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მიმწოდებელი, თუმცა თუ ამას არ გააკეთებენ, ავტომატურად გადავლენ უნივერსალური მიმწოდებლის კალათაში.

"რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, ნებისმიერ პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს ელექტროენერგიის ვაჭრობის საქმიანობაში კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს, არ არის რთული მექანიზმები, მათ შეუძლიათ დარეგსტრირდნენ მიმწოდებლად და თუ შეეძლებათ, რომ მომხმარებელი მოხიბლონ ფასით ან სხვა პირობებით, მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომ გაყიდონ ელექტროენერგია, ხოლო გამანაწილებელი კომპანიები, "ეპი ჯორჯია" და "თელმიკო", ვალდებულები არიან, რომ ნებისმიერ მიმწოდებელს მოემსახურონ ერთი და იმავე პირობებით და ფასით", - თქვა ფანგანმა.

კომენტარები