კორონავირუსი საქართველოში

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა

Mzia Saganelidze / (RFE/RL)

საქართველოს მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა. კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგ წავიდა. 

"მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს  უკვე არსებული ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება.

2020 წლის 22 მაისს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ". – წერია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როდესაც მთავრობას დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან კანონს არსებული რედაქციით მოქმედების ვადა გასდის.

კომენტარები