კორონავირუსი საქართველოში

შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონის ვადა 6 თვით გახანგრძლივდა

ერთპარტიულმა პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მოქმედების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა. კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს და მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგის გარეშე. კანონპროექტი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

ცვლილების მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვის განმავლობაში, 2021 წლის პირველ ივლისამდე ექნება. არსებული კანონით, შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობის ვადა მთავრობას პირველ იანვარს ეწურებოდა.

"გვიწევს ისევ შემოვიდეთ ინიციატივით, ინიციატორები ისევ ექიმები არიან, რომ გავაგრძელოთ ვადა კიდევ ექვსი თვით, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცე. რეალობა არის, რომ მთელს მსოფლიოსთან ერთად, ჩვენ გვიწევს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრება და კრიზის სჭირდება სწორად მართვა". – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ ასევე მიმართა ცვლილების ოპონენტებსაც და აღნიშნა, რომ მთავრობას შეზღუდვების უფლება პოლიტიკური მიზნებისთვის მისი მოქმედების ერთწლიან პერიოდში არ გამოუყენებია.

"უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მოქმედებს ეს რეჟიმი და ალბათ, დამერწმუნებით, ოპონენტებიც თუ შეძლებენ ობიექტურ შეფასებას, ისინიც დამერწმუნებიან, რომ მთავრობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონისმიერი უფლებები არ გამოუყენებია პოლიტიკური მიზნებისათვის და, სხვათა შორის, ერთ ნაწილში ამან ეპიდემიოლოგიურად ზიანიც კი მოიტანა". – თქვა ხუნდაძემ. 

28 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

შეზღუდვების პირველი ეტაპის მიხედვით, 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო. საქართველოს მთავრობამ "ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე", 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილი არ მოხსნა.

კომენტარები