კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: გასაგებია, რომ ღია სივრცეებში პირბადე აუცილებელი აღარაა, თუმცა რეკომენდებულია

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, ამას მაინც ექნება რეკომენდაციის სახე.

"გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება გარე სივრცეებში, მაგრამ ის რეკომენდებულია, ამიტომ, ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია – ატაროს. გეტყვით, რომ მიზანშეწონილია ჯერჯერობით პირბადის ტარება, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NCDC-ის ხელმძღვანელმა საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა "ძალიან ნელი ტემპით".

"ქვეყანაში, ისევე როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში, თანდათან, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ძალიან ნელი ტემპით. მხედველობაში მაქვს, როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, რომლის პიკიც 17 მაისს გვქონდა და მას შემდეგ თანდათან ქვემოთ მოდის, ისევე, როგორც დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირის განსაკუთრებით". – ამბობს გამყრელიძე.

დღეიდან, 22 ივნისიდან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან მოიხსნება კომენდანტის საათიც.

კომენტარები