მოსამართლეთა არჩევის წესი

დეგნანი: მოსამართლეთა დანიშვნა იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი

EU Delegation Georgia

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედგაცრუებულია სასამართლოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი. 

"რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, რა თქმა უნდა, ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლოს უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების კანდიდატები წარადგინა- ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იზიარებს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ცალკე შტოს წარმოადგენს, რთული გასაგებია, რატომ არ სურთ მათ ამ შესაძლებლობების გამოყენება, რათა გააძლიერონ საქართველოს სასამართლოს სისტემა". -ამბობს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს დაამტკიცებს თუ არა წარმოდგენილი მოსამართლეების სიას.

"ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული, რომელმაც მოსამართლეების კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს, და ისევ განვმეორდები, ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი, მმართველ გუნდი და ოპოზიცია ბოლომდე იზიარებენ იმ ვალდებულებებს, რასაც 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს, რაც ასევე მოიცავს სამართლებრივ რეფორმას და მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას. შეაჩერებენ თუ არ ამ პროცესს, ამით გამოჩნდება რამდენად ერთგული არიან 19 აპრილის შეთანხმების მიმართ". - ამბობს კელი დეგნანი.

ამასთან ერთად, კელი დეგნანისთვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არგუმენტი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ რეფორმების გატარებამდე ეს პროცესი გაგრძელდა, მაშინ სასამართლო სისტემის განვითარების შესაძლებლობა დაიკარგება: "მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, ეს თუ ასე არ მოხდება, წამოჭრის სხვადასხვა საკითხებს, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი". 


17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება.  

კომენტარები