სოფელი აიბღას ანექსია

DRI: გაგრის სოფელ აიბღას ანექსია - სოფელში რუსეთთან ანგარიშვალდებული გამგებელი დაინიშნა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს ანგარიშს აფხაზეთის სოფელი აიბღას რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების შესახებ.

"რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღის ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა. ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად.[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღის ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა". – წერია DRI-ის ანგარიშში. 

სოფელი აიბღა ორად იყო გაყოფილი, მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მხარეს იყო მოქცეული, ნაწილი კი საქართველოსი. 

რუსეთის ფედერაციამ აიბღის შეერთების სურვილი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოთქვა, რაც ნახსენებიცაა DRI-ს ანგარიშში. რუსეთმა სოფლის ფაქტობრივი ანექსია ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა. 

"ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა.[3] 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია. სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არარსებობა, რასაც აფხაზეთი საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა". – წერია ანგარიშში.

განცხადებასთან დაკავშირებით ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში ამბობენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას ამზადებენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები