ევროპის ჩემპიონატი

"ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ" – კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ

GETTY IMAGES

"ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ!", - გერმანელი ექიმის, იენს კლინფილდის თანახმად, ეს იყო დანიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პირველი სიტყვები ელექტროშოკით გადარჩენის და გონზე მოსვლის შემდეგ.

დანიის ნაკრების ექიმის, მორტენ ბოესენის თქმით, კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება და მას იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს (ICD) ჩაუდგამენ. 

ICD პატარა მოწყობილობაა და მაგრდება კანის ქვეშ გულისცემის სიხშირის მონიტორინგისთვის, თუკი გულისცემის სიხშირე ნორმისგან განსხვავებული და ძალიან სწრაფი იქნება, მოწყობილობა ელექტრული შოკით აღადგენს ნორმალურ სიხშირეს.

"მას შემდეგ, რაც ერიქსენს გულზე სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარდა, გადაწყდა, რომ მას  იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი ჩავუდგათ. ეს მოწყობილობა გულის შეტევის შემდეგ არარეგულარული რიტმის გამოა საჭირო. კრისტიანი ამას დასთანხმდა და გადაწყვეტილება სპეციალისტებმაც დაადასტურეს", - წერს დანიის ეროვნული ნაკრების გვერდი ტვიტერზე.

ამ ეტაპზე უცნობია, ერიქსენი გააგრძელებს თუ არა კარიერას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდების ნაკრებისა და აიაქსის მცველი, დეილი ბლინდი, ICD-ით თამაშს ახერხებს.

კრისტიან ერიქსენმა დანია-ფინეთის შეხვედრის მსვლელობისას, პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა. გუნდის ექიმის თქმით, ერიქსენს გულის შეტევა დაემართა და გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ორივე გუნდის ფეხბურთელების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თამაში მოგვიანებით განახლდა და დანიის ნაკრები, ანგარიშით 0:1 ფინეთთან დამარცხდა.

იმავე დღეს ბელგიის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი, თანაგუნდელ ერიქსენს მიუძღვნა და გამოჯანმრთელება უსურვა. 

ფეხბურთის არაერთი მწვრთნელი და სპეციალისტი წლების განმავლობაში საუბრობს იმ არაადამიანურ დატვირთვებზე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთელებს უწევთ. მათი თქმით, ერიქსენის კოლაფსი სწორედ ამ რეჟიმის გამოძახილია.

კომენტარები