ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ბაიდენი და პუტინი ვაშინგტონსა და მოსკოვში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი მოსკოვში დაბრუნდება, ხოლო რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში დაბრუნდება. პუტინის თქმით, მხარეები საკითხზე სამიტის დროს შეთანხმდნენ.

რუსეთის ელჩმა აშშ მარტში დატოვა. ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დაკავშირებული იყო ბაიდენის ინტერვიუსთან, რომლის დროსაც მან ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა.

აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი ვაშინგტონში 22 აპრილს, ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის გაემგზავრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ვაშინგტონიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთმა საპასუხოდ სარკისებური ზომები მიიღო.

ჯონ სალივანი და ანატოლი ანტონოვი ბაიდენისა და პუტინის სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ. სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს მხრიდან სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უშიშროების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთის საკითხებში მრჩეველი და უშიშროების საბჭოს წევრი ერიკ გრინი, აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი.

ხოლო რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრობი პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი კოზაკი.

კომენტარები