პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე, მინდია დავითაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს, ვინაიდან ის თანამდებობაზე 2020 წელს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დროს დაინიშნა. დავითაძე ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე საქპატენტის თავმჯდომარედ.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა, მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან". – წერს დავითაძე. 

მინდია დავითაძის ცნობით, რომ მისი გათავისუფლების ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად საქპატენტში შრომის ინსპექციის სამსახურმა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით ინსპექტირება განახორციელა. ინსპექციამ საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით.

"სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. სამწუხაროა, რომ კეთილსინდისიერი მოხელის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა უკანონო მეთოდები და, რაც მთავარია, ამ პროცესში ინსტრუმენტად გამოიყენა შრომის ინსპექციის სამსახური, სადაც, ასევე, უამრავი კეთილსინდისიერი მოხელე მუშაობს და რომლის ავტორიტეტის გაფრთხილებაც დღეს, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პროცესში, მნიშვნელოვანია." – წერს დავითაძე

მინდია დავითაძე ამბობს, რომ იგი აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიმართავს. 

"აუცილებლად ვიბრძოლებ სამართლებრივად. ჩემთვის ეს თანამდებობა არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ამ ქვეყანაში საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა დასრულდეს". – თქვა დავითაძემ. 

კომენტარები