გირჩი - მეტი თავისუფლება

ჯაფარიძე: განიხილება ცვლილება, რომელიც მშენებლობებს აძვირებს, მყიდველისთვის რისკს ქმნის

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, პარლამენტის შარლ მიშელის სახელობის ფრაქციის დეპუტატი, ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს საკანონმდებლო ორგანოში მშენებლობებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც მისი აზრით, რისკებს შეიცავს. 

Facebook Live ვიდეოში საუბრისას, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ კანონპროექტი ეხება მშენებლობებსა და მშენებლობების რეგულირებას და მას საბოლოოდ კარგი მიზანი აქვს, რომ დააჩქაროს საქართველოში არსებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, ამ კარგ მიზანთან ერთად კანონპროექტი ორ დიდ რისკს მოიცავს.

"ერთი ისაა, რომ დაუშვებელია შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე;

ორი, დაუშვებელია ელექტრო-ენერგიითა და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა ნაგებობის მომარაგება. 

ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, რას გულისხმობენ, ამბობენ, რომ სანამ შენობას სახელმწიფო არ ჩაიბარებს, მანამდე შიგნით საცხოვრებლად ვერ შეხვალთ და მეორე, სანამ შენობას არ ჩაიბარებს სახელმწიფო, მანამდე შენობას არ შეიძლება მიეწოდოს დენი და გაზი. 

ერთია, რომ სახლის მშენებლობას სჭირდება ბევრი დრო და ხშირად წლებიც. ვისაც გიყიდიათ, ამის გამოცდილება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ადამიანები ყიდულობენ ბინებს სახლებში და მერე წლები ელოდებიან, ამას როდის ჩაიბარებენ. დღეს თუ შეგიძლიათ, იყიდოთ მშენებარე ბინა, აშენების შემდეგ დაიწყოთ რემონტი, გაარემონტოთ, გადახვიდეთ, შეხვიდეთ, იცხოვროთ და ა.შ. ხვალ იმავეს, დიდი ალბათობით, აღარ გააკეთებთ იმის გამო, რომ რისკი იქნება მაღალი. 

წარმოიდგინეთ, რომ გადაიხდით ფულს ჰაერში, თუ გეცოდინებათ, რომ მომავალში შეიძლება ვიღაც ბიუროკრატმა გადაწყვიტოს, არ მიიღოს ექსპლუატაციაში ეს შენობა და, შესაბამისად, არ შეგიშვან შენობაში. რომც შეგიშვან, რა გინდათ ბინაში, სადაც დენი და გაზი არ იქნება? 

საბოლოოდ იქნებით დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენ დღეს უნდა გადაიხადოთ ფული და დამოკიდებული იყოთ იმაზე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ბინა მზად იქნება, შეიძლება ვერ შეხვიდეთ, იმიტომ, რომ ვიღაც ბიუროკრატმა გადაწყვიტოს, რომ ექსპლუატაციაში არ მიიღოს. ბინების უმეტესობას ამ ქვეყანაში ადამიანები სესხით ვყიდულობთ, ვიღებთ მშენებარე ბინას, რომელიც შეიძლება ორ წელიწადში ჩაგვბარდეს და არანაირი გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ სახელმწიფო შიგნით შეგვიშვებს. თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ვხდებით თბილისის მერიაზე, რომელიც ან ჩაიბარებს, ან არა. წახვალთ მსგავს რისკზე?" – თქვა ზურაბ ჯაფარიძე. 

დეპუტატის განმარტებით, ეს ცვლილება ასევე გააძვირებს კომპანიებისთვის მშენებლობის ხარჯებსაც, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ნაკლებად გაწევენ რისკებს. 

"დღეს სამშენებლო კომპანიას შეუძლია, პატარა ფულით დაიწყოს მშენებლობა, მათ შორის, აიღოს მცირე სესხი და დაიწყოს მშენებლობა და გზადაგზა გაყიდოს ბინები და ამ ფულით დაასრულოს მშენებლობა. შესაბამისად, მშენებლობა შედარებით იაფია, იმიტომ, რომ არ სჭირდება სრული თანხა იმისთვის, რომ შენობა ბოლომდე ააშენოს. ამ კანონპროექტის შემდეგ ბინების მშენებლობა მკვეთრად გაძვირდება, იმიტომ, რომ ადამიანები აღარ გარისკავენ წინასწარ გადაიხადონ ფული, როდესაც ეცოდინებათ, რომ შეიძლება ვერ შევიდნენ ბინაში. შეიძლება საერთოდ მოკვდეს წინასწარი გაყიდვები". – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

კომენტარები