ტექნოლოგიები

გუგლი მომხმარებლებს გენდერ-ნეიტრალური ტერმინების გამოყენებისკენ უბიძგებს

Getty Images

ტექნოლოგიების ეპოქაში წერის გასამარტივებელი, დამხმარე და გრამატიკის შემსწორებელი აპლიკაციები დღითიდღე იხვეწება. მათი შექმნის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ბევრად უფრო დახვეწილი, დეტალებზე ორიენტირებული სპელჩეკერები შევქმნათ. 

თუმცა, რაც უფრო დიდია მსგავსი ტექგიგანტების ძალაუფლება, მით უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან ისინი. მაგალითად, 2020 წელს გუგლის შიდა, წერითი სტილის ინსტრუქციები მთლიანად განახლდა, რითაც კომპანიის IT დეველოპერებს "უმიზეზოდ გენდერიზებული ტერმინოლოგიის" უკუგდებისკენ მოუწოდეს. განმარტებაში ისეთი ფრაზები თუ ტერმინები იგულისხმება, როგორიცაა "კაც-საათი" ან "კაცობრიობა". ახალი ინსტრუქციის მიხედვით, გუგლი თავის დასაქმებულებს "ადამიან-საათის" ან "ადამიანთა" გამოყენებისკენ უბიძგებდა. 

2021 წლის 18 მაისს გენდერ-ნეიტრალური ენის დამკვიდრებისკენ კომპანიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ცოტა ხანში Google Docs ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული, ონლაინ საწერი აპლიკაცია, მომხმარებლებს "უმიზეზოდ გენდერიზებულ" ტერმინოლოგიებზე მიუთითებს და მათი გენდერ-ნეიტრალური ფორმით ჩანაცვლებისკენ უბიძგებს. 

ტრადიციონისტი ენათმცოდნეების თანახმად, ინგლისურ ენაში გამოყენებული მასკულინური ტერმინები აპრიორი მოიაზრებს ფემინურ ჯგუფებსაც და გენდერულ განაწილებასთან საერთო არაფერი აქვს. ისინი გულისხმობენ, რომ ზოგადი, ტრადიციულად მასკულინური, ფრაზების ან სიტყვების გამოყენება სულაც არ ნიშნავს, რომ საუბარი მამაკაცს მიემართება, იგი თავისუფლად შეიძლება მოიაზრებდეს ქალსაც. 

მიუხედავად იმისა, რომ გენდერიზებული ტერმინოლოგია დღითიდღე უფრო აქტიურად ხდება განხილვის საგანი, უცნობია, როგორი შედეგები ექნება გუგლის ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოების იმ ნაწილშიც კი, რომლებიც გენდერიზების პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ, არ არსებობს პრობლემის გადაჭრის შეთანხმებული გზა. 

კომენტარები