ტექნოლოგიები

ევროკავშირს ყველა სმარტფონისთვის ერთნაირი დამტენის შემოღება სურს

ევროკავშირს სურს, სმარტფონებისა და სხვა ელექტრომოწყობილობებისათვის ერთნაირი დამტენი შემოიღოს.

ახალი რეგულაცია ელექტრომოწყობილებების მწარმოებლებს დაავალდებულებს, მათ ყველა ნაწარმს ერთი ტიპის დამტენი დასჭირდეს. გეგმაზე უკვე ისაუბრა ევროკომისარმა შეფჩოვიჩმა და გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბრიუსელი ცვლილების მიღებას 2020 წლის მესამე კვარტლიდან აპირებს.

ცვლილებით ევროკავშირს სურს ნარჩენები შეამციროს - ბრიუსელში თვლიან, რომ ადამიანებს თუ ნაკლები დამტენი დასჭირდებათ, ელექტრონარჩენების რაოდენობაც იკლებს.

ამას გარდა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივება სურთ.

პირველად ევროკავშირმა მსგავს რეგულაციაზე საუბარი 2009 წელს დაიწყო, რასაც მწარმოებლების მიერ მოხალისეობრივად გადასვლა მოჰყვა მსგავს დამტენებზე. შედეგად, თუ იქამდე ბაზარზე 30-ზე მეტი დამტენი იყო, დღეისათვის სამი ძირითადი დარჩა.

ცვლილების მთავარი მოწინააღმდეგე Apple-ია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია ნარჩენების რაოდენობას გაზრდის, რადგანაც ძველი დამტენები უსარგებლო გახდება. ამავდროულად, Apple-ში ფიქრობენ, რომ ამგვარი ცვლილება ინოვაციების შემაფერხებელიც იქნება.

კომენტარები