ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

FORMULA: ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს

ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ჰყვება, რომ პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს.

"დირექტორმა გამგზავნა, უნდა მეთქვა, რომ წყალი გაეცხელებინათ. რომ არავინ არ დამხვდა, მოვტრიალდი უკან. გაჩუმდიო, ასე მითხრა, არ ილაპარაკოო, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. კი [ სექსუალურად იძალადა] ვერ გამოვექეცი, ფეხები გამიკოჭა. [...] 1-2 თვის მანძილზე არავის ვეკონტაქტებოდი და სკოლასაც ვაცდენდი. [აღმზრდელებს] სულ ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი. 1 წელი [ვმალავდი] შემეშინდა, მეგონა, თუ ამას დავმალავდი, არაფერს არ დამიშვებდნენ. იმის შიშიც მქონდა, ჩემი ნათესავები ამას თუ გაიგებდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემზე. საერთოდ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ჩემი ნათესავებისთვის და დღემდე არ იციან, რომ ეს ამბავი მოხდა". - ამბობს ის. 

როგორც ფორმულას რესპონდენტი ამბობს, სავარაუდო მოძალადე მას პანსიონის დატოვების შემდეგ შეტყობინებებს უგზავნიდა და უთვალთვალებდა. 

"მაღაზიაში მივდიოდი, მაღაზიასთან დავინახე, იქ იდგა და გამოვტრიალდი. შემდეგ, ისევ დავაპირე მაღაზიაში წასვლა, დამხვდა 2 კაცი და გავიქეცი. დამედევნა ის 2 კაცი, შემომაბრუნეს და მუცელში დანა დამარტყა. ოპერაცია როდესაც გამიკეთეს, მის მერე მომწერა, როგორ გამოგფატრა ჩემმა კაცმაო". - ამბობს ის.  

ფორმულას ინფორმაციით, მოზარდმა მათ სავარაუდო მოძალადესთან მიმოწერის ფოტოები გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, კაცმა ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურად სხვა არასრულწლოვნებზეც იძალადა.  


სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვaნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოs შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები