ნინოწმინდის პანსიონი

შსს ნინოწმინდაზე: საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რამდენიმე მოზარდი გამოვკითხეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხეს. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

"საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც, შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა არასრულწლოვaნების მიმართ) მიმდინარეობს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად მაშინაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

დღეს, 4 ივნისს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები