აშშ-ჩინეთი

ბაიდენის ადმინისტრაციამ შპიონაჟში ბრალდებული 59 ჩინურ კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა 

ჯო ბაიდენი
ფოტო: hbr.org

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 59 ჩინური კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები აღნიშნულ კომპანიებს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირსა და შპიონაჟში ადანაშაულებენ. 

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკელ ინვესტორებს ეკრძალებათ შავ სიაში მყოფი კომპანიების აქციებით ვაჭრობა და მათში ინვესტირება. აღნიშნული ბრძანება ძალაში 2 აგვისტოდან შევა. 

შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს შორისაა: Huawei, Aerosun Corporation, Fujian Torch Electron და Aero Engine Corp. 

აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, ჩინეთის კანონმდებლობით, მთავრობას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ნებისმიერ ჩინურ კომპანიას მოსთხოვოს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაზიარება, რასაც კომპანიის წარმომადგენლობა ვერ შეეწინააღმდეგება, რაც ინფორმაციის დაცვას შეუძლებელს ხდის.

ბაიდენის ადმინისტრაცია, გარკვეულწილად, აგრძელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ პოლიტიკას ჩინური კომპანიების მიმართ. 

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შავ სიაში შპიონაჟში ბრალდებული 48 ჩინური კომპანია შეიყვანა. 

შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებებს და ამბობენ, რომ მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და შეიარაღებულ ძალებთან.
 

 

კომენტარები