ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიის 500-ეულიდან ამოვარდა, თუმცა ქონება არ შემცირებია

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა. 

Bloomberg-ის რეიტინგში მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანი შედის.

უკანასკნელ დღეებში კი ივანიშვილი $5.92-მილიარდიანი ქონებით სიის ბოლოსაკენ მიიწევდა. კერძოდ, გუშინ ის 495-ე ადგილს იკავებდა, თუმცა დღეს, 2 ივნისს უმდიდრესი ადამიანების ხუთასეულში ივანიშვილი აღარ იძებნება. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, ბოლო ადგილს 5.93 მილიარდი დოლარით პატ სტრაიკერი იკავებს, შესაბამისად, $5.92 მილიარდით ივანიშვილი რეიტინგს გამოეთიშა. 

აღსანიშნავია, რომ ქონების ანალოგიური შეფასებით 2020 წელს ივანიშვილი 339-ე ადგილს იკავებდა. 

Bloomberg-ისგან განსხვავებით, Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებს და ის მსოფლიო რეიტინგში 589-ე ადგილს იკავებს. 

ივანიშვილმა 2020 წლის იანვარში თქვა, რომ ის თავისი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, ქონების უდიდეს ნაწილს კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. 

"მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის". – თქვა ივანიშვილმა.

მიუხედავად ამისა, Forbes-ი და Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას ისევ 4 მილიარდზე მეტად აფასებენ.   
 

კომენტარები