ნამახვანჰესი

ვაშაძე ნამახვანზე: სტრატეგია აღმაშენებელი მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში და მოლაპარაკებებში

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვაშაძე სოლიდარობას უცხადებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და ხელისუფლებას ძალოვანი სტრუქტურების გამოყენების მაგივრად, აქციის მონაწილეებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ვუდასტურებთ დიდ პატივისცემას პირადად
ვარლამ გოლეთიანს და პროტესტის ყველა მონაწილეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ვარლამ გოლეთიანისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ენერგო დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება". – თქვა ვაშაძემ

ვაშაძის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი თვითთმართველობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივ ხალხს, სრულად ამოვარდნილია პროცესიდან

 "მივიჩნევთ, რომ ან საკრებულომ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსახლეობის ჩართულობით ან ჩატარდეს ადგილობრივი პლებისციტი. თითოეულმა რიონის და ლეჩხუმის მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს სრულად ინფორმაცია რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად მათთვის ამ ჰესს ან რა საფრთხეებს უქმნის და სრულფასოვანი ინფორმაციის შემდეგ, მათ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი მზად ვართ, თუ სურვილი იქნება, ჩავერთოთ ამ დიალოგში და მოლაპარაკებებში". – ამბობს ვაშაძე

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები