ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ტაბულა

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. 

სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.  

"სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და მათ მიერ მონიტორინგის განხორციელება.  პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრაში. დააყენოს ეს საკითხი დღის წესრიგში და მოუწოდოს მთავრობას სწრაფი მოქმედებისკენ და შესაბამისად დაიცვას იქ მყოფი ბავშვების უფლებები. მოხდეს მათთან ინდივიდუალური გასაუბრება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. 

კანონის შესაბამისად დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". – აღნიშნულია პეტიციაში. 

 

აქციის პარალელურად მოძალადე ჯგუფმა ჰომოფობიური პლაკატები მიიტანა. კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მოვლენებზე გამართულ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიული იყო, პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა. 

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

19 მაისს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

კომენტარები