ტოკიოს ოლიმპიადა

ტოკიოს ოლიმპიადა საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ჩატარდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის ჯონ ქოუთსის თანახმად, ტოკიოს ოლიმპიადა ჩატარდება, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა ძალაში საგანგებო მდგომარეობა იაპონიის დედაქალაქში.

პანდემიის გამო ტოკიოსა იაპონიის კიდევ რვა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 31 მაისამდე გაგრძელდება.

"საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ჩვენ ვნახეთ, რომ სპორტის ხუთ სახეობაში სატესტო ღონისძიებები წარმატებით ჩატარდა. [..] ყველა გეგმა, რომელიც შემუშავებულია ათლეტების და იაპონიის უსაფრთხოების დაცვისთვის, ითვალისწინებს ყველაზე ცუდ შემთხვევებს, ასე რომ, პასუხი [კითხვაზე ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები საგანგებო მდგომარეობის დროს] არის - რა თქმა უნდა, ჩატარდება." - ამბობს ქოუთსი.

კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის თქმით, შემუშავებული უსაფრთხოების ზომები დამაკმაყოფილებლად უზრუნველყოფს ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ძალაში.

ბოლო გამოკითხვები იაპონიაში აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის 70%-ს არ სურს, რომ ოლიმპიადა, რომელიც 23 ივლისს იწყება, ამჟამინდელი გეგმის მიხედვით ჩატარდეს. გამოკითხვებთან დაკავშირებით ჯონ ქოუთსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობს კავშირი ოლიმპიადის ივნისში ჩატარების მხარდამჭერების სიმცირესა და ქვეყანაში ვაქცინაციის ნელ ტემპს შორის

"ველი, რომ აცრილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად საზოგადოებრივი აზრი გაუმჯობესდება, მაგრამ, თუ ეს არ შეიცვლება, ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ. ჩვენი სამუშაო კი ყველა მონაწილისა და იაპონელი ხალხისთვის უსაფრთხო თამაშების უზრუნველყოფაა." - ამბობს ქოუთსი.

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 7.99 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა, რაც იაპონიის მოსახლეობის 3.2-ს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პრიორიტეტს ხანდაზმულები წარმოადგენენ და ამ დროისთვის მათი 5%-ია აცრილი. ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე იაპონიის 36 მილიონი პენსიონერის აცრა მოესწრება.

კომენტარები