თურქეთი

ევროპარლამენტი: თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირთან ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გაკრიტიკებულია თურქეთის პოლიტიკა და მისი გადახვევა ევროკავშირის ღირებულებებიდან.

ევროპარლამენტი თავის ანგარიშში ევროკომისიას მოუწოდებს, რომ თურქეთს დროებით შეუჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, თუკი ანკარა საკუთარ "მტრულ პოლიტიკას არ შეწყვეტს".

"ბოლო წლებში თურქეთის მთავრობა უფრო და უფრო ემიჯნებოდა ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. შედეგად, ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა". – წერია ანგარიშში. 

ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს თურქეთის ადამიანის უფლებების დარღვევები და მისი საგარეო პოლიტიკაც. 

ევროპარლამენტარები თურქეთის მთავრობას მოუწოდებენ, დაპატიმრებული ჟურნალისტების, აქტივისტებისა და, ზოგადად, იმ ადამიანების გათავისუფლებისაკენ, ვინც დაუსაბუთებელი ბრალდებებითაა დაკავებული. ასევე, ისინი თურქეთს მოუწოდებენ სომეხთა გენოციდის აღიარებისაკენ.

ასევე, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თურქეთი რეგიონში მთავარი პარტნიორი და სტაბილურობის გარანტორია. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი იფარებს მილიონობით იძულებით გადაადგილებულ პირს, მაგრამ დაამატეს, რომ დევნილებით მანიპულირება და მათი ბერკეტად გამოყენება მიუღებელია. 

"მიგრანტებისა და დევნილების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება და დაშანტაჟება ვერ იქნება მისაღები". – ამბობენ ევროპარლამენტარები ანგარიშში.

ანგარიშის პასუხად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ევროპარლამენტის ანგარიში "არანაირად ობიექტური არ არის".

"კარგად არის ცნობილი, რომ შეფერხება თურქეთის [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებებში არ არის თურქეთის მიერ რეფორმების გატარების სურვილის არქონის ბრალი.

როგორც [გაწევრიანების] კანდიდატი ქვეყანა, თურქეთი [ევროპარლამენტისგან] ელის ურთიერთობების გაუმჯობესების კონსტრუქციულ მცდელობებსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში ხელშეწყობას და არა უსაფუძვლო, ბრმა ბრალდებების წაყენებას". – წერია თურქეთის განცხადებაში.

 

კომენტარები