აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ გასცა განკარგულება Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩვეულებრივი მაცივრის პირობებში ერთ თვის ვადით შენახვის შესახებ.
დეკემბერში მიღებული დადგენილების თანახმად, ვაქცინის შენახვა ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის [-80ºC – -60ºC] პირობებში მხოლოდ რამდენიმე დღით იყო ნებადართული.
ექსპერტების განმარტებით, უახლესი კვლევებიდან დგინდება, რომ Pfizer-ის ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივი მაცივრის [-8ºC – -2ºC] პირობებშიცაა შესაძლებელი და ამით ვაქცინა ეფექტიანობას არ კარგავს.
FDA-ის ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის დირექტორის, პიტერ მარკსის განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის გამარტივებას და დაჩქარებას, რადგან ჩვეულებრივი მაცივრები გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე სპეციალური სამედიცინო მაცივრები.
გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესს.
საქართველოში 1 მილიონი დოზა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ ტაბულას Pfizer-ის ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა. კომპანიის თქმით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულებულია.
"კომპანია მოხარულია გაუწყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ნაწილი SARS-CoV2-ის წინააღმდეგ 1 მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად დასრულებულია. კომპანია ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავა".- განუცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა ტაბულას.
ამ ეტაპზე კომპანია არ აზუსტებს საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდების თარიღს. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფაიზერის დამატებით ვაქცინებს ზაფხულში, დაახლოებით ივნის-ივლისის თვეში შემოიტანენ.
პირველად, Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა.