ესპანეთი

მაროკოდან მომავალ მიგრანტთა დიდი ნაკადის შესაჩერებლად ესპანეთმა სეუტაში ჯარი გადასხა

ესპანელი ლეგიონერები ელ ტარახალის სანაპიროზე
Reuters

მაროკოდან შემომავალ მიგრანტთა დიდი ნაკადის შეჩერებისთვის ესპანეთის მთავრობამ სეუტაში, მაროკოს საზღვართან სამხედროები და მძიმე ტექნიკა გადასხა. მარკოდან ესპანეთის მიმართულებით ათასობით მიგრანტი მიდიოდა, რასაც პრემიერმინისტრმა პედრო სანჩეზმა ქვეყნისთვის და ევროპისთვის დიდი კრიზისი უწოდა.

სეუტა ესპანეთის მფლობელობაში მყოფი ტერიტორიაა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე. საზღვართან, მაროკოს მხრიდან ათასობით მიგრანტი იყო შეკრებილი და ესპანეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. გასულ ორ დღეში მრავალმა მიგრანტმა შეძლო ესპანურ ანკლავაში ზღვიდან შეპარვა. მობილიზებული სამხედროები მათ ამ ქმედებებში ხელს უშლიან. 

ესპანეთის მთავრობის თქმით, სეუტაში 6000 მიგრანტი, მათ შორის 1500 მცირეწლოვანი შეიპარა. აქედან უკვე 2700 უკან, მაროკოში დააბრუნეს.

მაროკოს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ესპანეთის ტერიტორიაზე გადაპარვას არ უკრძალავს. მიიჩნევა, რომ ეს ქმედება გამიზნულია და მაროკო ასე მადრიდზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს. მიზეზად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ესპანეთის მთავრობამ დასავლეთ საჰარას აჯანყებულთა პოლისარიოს ფრონტის მეთაურის საკუთარ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია დაუშვა. 

პოლისარიოს ფრონტს სურს დასავლეთ საჰარას დამოუკიდებლობა და არ უნდათ მაროკოს შემადგენლობაში ყოფნა. გასული წლის დეკემბერში აშშ-მ აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის რეგიონზე.

პოლისარიოს ფრონტის მეთაური, ბრაჰიმ ღალი ესპანეთმა ცრუ პასპორტით საკუთარ საავადმყოფოში ჰუმანიტარული მიზეზებით მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, მაროკომ ესპანეთი გააფრთხილა, რომ ეს ყველაფერი მათ ურთიერთობაზე ცუდად აისახებოდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაროკოს პრეტენზია აქვს სეუტას ტერიტორიაზე.

 

კომენტარები